მამუკა ბახტაძე: განათლება და მომავალი არის ნომერი პირველი პრიორიტეტი

“წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს და ის უნდა იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩავიდა, მან სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან, ამ ლამაზ სკოლაში, სადაც 1200 ბავშვი სწავლობს. სწორედ ამ კედლებში ხდება ჩვენი მომავლის ფორმირება. დღეს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს წიგნის დღეს. გადავწყვიტეთ, რომ წიგნის დღე დავიწყოთ თქვენთან შეხვედრითა და წიგნების გადმოცემით თქვენი ლამაზი ბიბლიოთეკისთვის. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს. ის არის გზა ყველაფერი საუკეთესოსკენ. ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ თქვენს მშობლებს აჩუქოთ, ბებიებს, ბაბუებს, თქვენს სამშობლოს, ეს არის თქვენი სწავლა და წიგნის სიყვარული. განსაკუთრებით მიყვარს კუთხე, საიდანაც თქვენ ხართ. მე მქონდა ამის ბედნიერება და ბევრჯერ ვარ ნამყოფი თქვენს ულამაზეს კუთხეში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ და სხვა კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ სკოლას ავაშენებთ აქ. ეს აუცილებლად მოხდება ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის – იმ საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ ააშენებთ და რომლის მოქალაქეებიც თქვენ ხართ. ვიცი, რომ ამ სკოლაში ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს და მინდა, თქვენს მასწავლებლებს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რომლებიც მაქსიმალურ ენერგიას დებენ თქვენში. მინდა, თქვენს მშობლებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ მათთვის თავიანთი შვილების განათლება და მომავალი არის ნომერი პირველი პრიორიტეტი, ჩვენც ძალიან ბევრს გავაკეთებთ. განათლება, პირადად ჩემთვის, ცხოვრებაში არის მთავარი რამ, ამავე დროს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო გავხადოთ ძალიან მაგარი ქვეყანა – ისეთი მაგარი ქვეყანა, როგორიც თქვენ გინდათ, რომ გქონდეთ. მინდა, მოგილოცოთ წიგნის დღე. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს და ის უნდა იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი. ვიცი, რომ ბეჯითად სწავლობთ, ძალიან მიხარია, ამ სკოლაში წლიდან წლამდე ბავშვების რაოდენობა იზრდება; შესაბამისად, მივეცი დავალება განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ დავიწყოთ პროექტირება და უახლოეს ერთ წელიწადში ავაშენოთ კიდევ ერთი ძალიან ლამაზი სკოლა თქვენს დასახლებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები