პაატა ცინცაძე: საქართველოში ჩვენ ერთადერთი რესურსი გვაქვს – ჰიდროენერგია და მისი არგამოყენება არაფრით შეიძლება

„გუშინდელი მოვლენები დასტურია იმისა, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ ხდება“, – ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა, პაატა ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე ასე იყო ნორვეგიაშიც და მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი ხანი დასჭირდათ იმისთვის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეეცვალათ ჰესების მშენებლობის მიმართ და დღეს ნორვეგიის 97% ენერგიისა დგას ჰიდროელექტროსადგურებზე.
„საქართველოში ჩვენ ერთადერთი რესურსი გვაქვს – ჰიდროენერგია და მისი არგამოყენება არაფრით შეიძლება. საჭიროა ლაპარაკია იმაზე, როგორ გავაკეთოთ ეს და არა იმაზე, როგორ არ გავაკეთოთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ უნდა გადაწყდეს, თუ ის არსებობს; არავინ ამბობს იმას, რომ მოსახლეობის ინტერესები არ უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ძალიან გეგმაზომიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა არის გადაწყვეტადი და საქართველოს მომავალი არის ჰიდროენერგეტიკა“, – განაცხადა პაატა ცინცაძემ.
რაც შეეხება პანკისის ხეობაში მიმდინარე „ხადორი 3-ის“ ჰესის მშენებლობას – ენერგეტიკოსის თქმით, ეს არის 5-მეგავატიანი ჰესი, რომელიც არის, დაახლოებით, 20 მილიონი კილოვატ/საათი.

„ეს მთლიან მოხმარებაში ბევრს არაფერს წარმოადგენს ცალკე აღებულ ჰესად. მაგრამ თუ გვექნება ბევრი მცირე ჰესი, ასევე, დიდი ჰესები, ჩვენ შეგვიძლია, ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები