გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემებს ადგილზე გაეცნო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, დავით კვინიკაძემ, სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ილია ჯალაღანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების არსებული პრობლემების დეტალურად განხილვა იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის 15 სოფელზე – მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოლასარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარისა და ასურეთი – სადაც სატუმბო სადგურის ელექტრომომარაგების ხარვეზების გამო მოსახლეობა წყალს შეფერხებით იღებს.

მხარეებმა არსებული ტექნიკური სირთულეების მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განისაზღვრა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს სისტემის გაუმჯობესებასა და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც მაღალი ხარისხის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების უზრუნველყოფისთვის უნდა გადაიდგას.

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა, რეგიონების მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები