ასმათ ხანგოშვილი: ძალის გადამეტება, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, არ არის ჩვენთვის მისაღები

სოფელ დუისში მოქმედი ფონდის „როდი სკოტის“ თანამშრომელი, ასმათ ხანგოშვილი პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კიდევ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.
„ძალიან სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდით მოვლენების ასე განვითარებას, თუმცა რაც მოხდა, მოხდა… ვიტყვი, რომ კომუნიკაცია უნდა არსებობდეს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის“, – აცხადებს ასმათ ხანგოშვილი.
მისივე თქმით, ძალის გადამეტება, ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს ის, მიუღებელია.
„პროტესტი და საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მოვლენაა ნებისმიერ ქვეყანაში და აქაც დასაშვებია, მაგრამ ამ ფორმითა და ასეთი მიდგომით ჩვენ ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი მოხდა და ჩვენ კიდევ ერთხელ მივეცით საბაბი გარეშე ძალებს, თუ წინააღმდეგ განწყობილ ძალებს პანკისის თემით მანიპულირებისა, თუმცა კონსენსუსი ყოველთვის შესაძლებელია, ჩვენ ვართ სახელმწიფო და ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია საკუთარ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობა საბოლოოდ გადაწყვეტს, გადაფასების შემდეგ, რომ ეს საჭიროა, უნდა აშენდეს კიდეც. საარსებო საშუალების შექმნისთვის რაღაც სხვა ობიექტებიც უნდა შენდებოდეს ხეობაში, ვფიქრობ. ძალიან რთულია, ჩვენ პირვანდელი მდგომარეობით გარემო შევინარჩუნოთ, რაღაცის ხარჯზე რაღაცა ხდება. როცა ძალიან დიდი რიცხვია ხეობიდან ახალგაზრდების გადინების, ადგილზე არ იქნება არანაირი საშუალება, რომ ისინი დასაქმდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ გარკვეულ სიკეთეებზე, რომ კარგი იქნებოდა. ინფორმაციის სწორად მიწოდება, ხალხის საქმის კურსში ჩაყენება, ალბათ, გამორჩათ იმ ჯგუფებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობდა და სათანადოდ ვერ გათვალეს რისკები, ან პირდაპირ ვერ დაეკონტაქტნენ იმ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგები იყვნენ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. მე დავესწარი წინამოსამზადებელ რამდენიმე შეხვედრას და როცა იქ იყოს საუბარი ამის სანაცვლოდ პანკისის განვითარებისთვის რაღაც ფონდის შექმნის, იქ იყო მთელი რიგი პაკეტი პრობლემების გადაწყვეტისა, რომელსაც ინვესტორი საკუთარ თავზე იღებდა და იღებდა ერთსულოვნად ვალდებულებებს გარკვეული საკითხების მოგვარების და გარკვეული ნაწილს ამ შეთავაზებებმა მოსაზრება შეუცვალა, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაცების სანაცვლოდ შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია და ისევ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მჭიდრო კავშირითა და ურთიერთობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, – აცხადებს ასმათ ხანგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები