გარემოს დაცვის სამინისტროში ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების პროგრამა განიხილეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა ძირითადი დაავადებებისგან თავისუფალ ზონად ჩამოყალიბების 2019-2022 წლების პროგრამის განხილვას დაესწრო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ასევე, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დაცვის კუთხით.
„ეს არის ამბიციური პროექტი, რომელიც სხვა რეგიონებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება და ცხოველთა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა იური ნოზაძემ პროგრამის შეფასებისას.
აღსანიშნია, რომ პროგრამის განხორციელებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც იქნება ჩართული, მათ შორის, ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian, რომელიც ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენაზე მუშაობს.
შეხვედრის ფარგლებში, მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის პოტენციალზე, დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მონაწილე მხარეებმა რაჭის რეგიონში კომპანია „ბლაუნშტაინ ჯორჯიაზეც’’ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი კომპანიები რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება-სტიმულირებას უწყობს ხელს.
საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კონტექსტში ტურისტული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ რეგიონის გაჯანსაღება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი