კობა კობალაძე: მცდელობა, რომ პანკისის მოსახლეობა, ჩვენი მოძმეები ერთმანეთს დააპირისპირონ, არავის გამოუვა
„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, კობა კობალაძემ განცხადება გაავრცელა პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით: „პანკისის ხეობა არის ადგილი, რომელმაც ღირსეული შვილები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას. მთელი ეს ხეობა იმ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერი და ერთიანი იყოს. მათგან ბევრი ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, ბევრი მათგანი გმირულად დაიღუპა.
ეს არის უაღრესად თავმდაბალი და შემართებული, თავის სამშობლოზე უაღრესად შეყვარებული ხალხი. მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც, მიუხედავად არსებული რისკისა, პროფესიონალიზმი და კაცთმოყვარეობა გაცილებით წინ დააყენეს.
თითოეული ჩვენგანისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დადგინდეს ის მაპროვოცირებელი მიზეზები, რამაც აღნიშნული მოვლენები გამოიწვია. ერთი რამ გაითვალისწინოს ყველამ – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე ბევრი მცდელობა იყო, რომ პანკისის მოსახლეობა, ჩვენი მოძმეები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, ეს არ გამოუვიდათ და არც ახლა გამოუვათ”, – განაცხადა დეპუტატმა.