„ზოგიერთი ძალის მხრიდან იყო მცდელობა იმისა, რომ ხეობაში შექმნილიყო დაძაბულობა“

0

„ზოგიერთი ძალის მხრიდან იყო მოსახლეობის მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირება და მცდელობა იმისა, რომ ხეობაში შექმნილიყო დაძაბულობა“, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წელიწადზე მეტია, მოსახლეობასთან, სამინისტროს ექსპერტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, რათა მათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ხეობაში მშენებლობაზე რამდენიმე ნებართვაა გაცემული, თუმცა სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია და მაშინ განახლდება, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ამ ჰესის აშენების მხარდამჭერი იქნება.
“წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსახლეობასთან შეხვედრები. შეხვედრებს ესწრებოდა ჩემი მოადგილე. სამინისტროს მაღალი დონის პროფესიონალები და ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ პროცესში, რომ მოსახლეობისთვის განმარტებული ყოფილიყო იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც საუბრობდნენ. გარემოს დაცვით ნებართვაში თქვენ თუ წაიკითხეთ, არის მთელი რიგი მოთხოვნები სამინისტროს მხრიდა, ჰესთან დაკავშირებით, რომელიც აზღვევს ზუსტად იმ საკითხებს, რაზეც მოსახლეობა ღელავდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი ძალის მხრიდან იყო მოსახლეობის მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირება და მცდელობა იმისა, რომ ხეობაში შექმნილიყო დაძაბულობა. ჩვენ ეს ვიხილეთ კიდეც. საბედნიეროდ, იქ ხეობის უხუცესს, მოსახლეობას ჰქონდათ ძალიან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და საღი აზრი, რომ განმუხტულიყო პროცესი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომ ხეობაში არსებობს რამდენიმე ნებართვა და იმ მიმართულებით, სადაც არ იყო კითხვები, მუშაობა გაგრძელდება.
„თუმცა კონკრეტულად იმ ჰესზე, რომელიც სოფელ ბირკიანში შენდებოდა,  გაგრძელდება საუბარი მოსახლეობასთან. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ და გუშინაც გავიმეორე, რომ სამინისტროს კარი ღიაა, კაბინეტში, პროფესიონალებთან ერთად გვექნება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით იმისთვის, რომ თუ რაიმე კითხვები კიდევ არსებობს, მოსახლეობამ მიიღოს პასუხები. თუ მოსახლეობის უმრავლესობა იქნება მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ეს პროექტი”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი