სუს-ი: ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები.
“აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება. რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობის ინიცირება/ინსცენირება.
გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.
საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე, გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე, სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა.
სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე, მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნული დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი