“პანკისში ასაშენებელი ჰესებით ადამიანები დასაქმდებიან, შესაძლებელია,​ ტურისტულადაც მომგებიანი იყოს”

0

“პანკისში ასაშენებელი ჰესების ზეგავლენა ეკოლოგიაზე მინიმალური იქნება, ფაქტობრივად, ე.წ. მწვანე ჰესების კონცეფციაში ჯდება”, – ამის შესახებ საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძე აცხადებს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის ქვეყანას ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტები სჭირდება. მისივე თქმით, სხვანაირად უცხოური ინვესტიციების შემოდინება ყოველთვის პრობლემური იქნება და ეკონომიკა ვერ განვითარდება.
“თანამედროვე ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ინდუსტრიაზე იმ ქვეყნებში, სადაც წარმოებაა განვითარებული, არის ძალიან მაღალი მოთხოვნა ენერგორესურსებზე. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეკონომიკა გაიზრდება და ეს ასეც იქნება, ბუნებრივია, მოთხოვნა გაიზრდება როგორც გენერაციაზე (ელექტროენერგიის გამომუშავებაზე), ასევე – მის მოხმარებაზე. ორი თემაა: ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება.
თუ მოხმარება გაიზრდება, დგება ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხი. ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი გამომმუშავებელი არის ჰიდროელექტროსადგურები, რომლებზეც მოდის ელექტროენერგიის გამომუშავების, დაახლოებით, 80 %. მზის ენერგია, ქარის ენერგია ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ საერთო პანორამისთვის, მაგრამ მაინც არამდგრად დარგებად მიიჩნევა. ჰესების ალტერნატივა არ არის არც მზის ენერგია, არც – ქარის ენერგია. ეს შეიძლება იყოს დამატებითი, პატარა ნაწილი.
ვიცით, რომ პოლემიკა, ძირითადად, იყო ხოლმე მსხვილ ჰესებზე, რომ ისინი ეკოსისტემაზე ზემოქმედებს, ახდენს ეკოსისტემის ცვლილებას. თანამედროვე ქვეყნები იყენებენ როგორც კაშხლებს, ასევე, როცა გვირაბში გადის წყალი. ახალი ტერმინია შემოსული – “მწვანე ჰესები” ჰქვია. ანუ, ეს არის ეკოლოგიაზე მორგებული ენერგეტიკა, რომლის ეკოსისტემაზე ზემოქმედება მინიმალურია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, პანკისის ხეობაში „ხადორი 3 – ისა“ და „სამყურისწყალი 2 – ის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები” მწვანე ჰესების” კონცეფციაში ჯდება.
„რაც შეეხება ამ ორ ჰესს – ერთი მცირე ჰესია – 5 მეგავატია მისი სიმძლავრე, მეორესი კი 20 მეგავატი. არც 5 და არც 20 არ არის მაღალი დატვირთვის მატარებელი, მცირე ჰესებად მიიჩნევა. ანუ, ფაქტობრივად , თუ ავიღებთ, რომ მათი ზეგავლენა ეკოლოგიაზე იქნება მინიმალური, “მწვანე ჰესების” კონცეფციაში ჯდება ეს ორი ჰესი.
ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არაფერი უნდა გაიჩეხოს და არაფერი უნდა გაკეთდეს, ვერ გავალთ ეკონომიკურ განვითარებაში.
აქ სარგებელი რა არის – არა მარტო ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება ჰესებით, არამედ – ადამიანების დასაქმება; ასევე, შესაძლებელია,​ ტურისტულადაც მომგებიანი იყოს. გარემო ისე ეწყობა, შესაძლოა, ტურისტული ნაკადები გააძლიეროს. რაზე ვერ შეთანხმდენენ, ცოტათი გაუგებარია, თუ ყველა ოჯახთან იყო მოლაპარაკება. ბევრი ძალა, არამარტო შიგნით, არამედ გარეთაც, არის დაინტერესებული, რომ ქვეყნის მსგავსი განვითარება შეფერხდეს.
ვერ ვიტყვი, რომ ეს პროექტები დააზიანებს ეკოლოგიას, რადგან საუბარია მცირე ჰესებზე , ე.წ. მწვანე ჰესებზე. 5 მეგავატი, პრაქტიკულად, არაფერია ეკოსისტემისთვის. ზედმეტად ხდება ამ პროცესის პოლიტიკურ პრიზმაში გადატანა. ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და შსს-ს ქმედებაზე თუა ლაპარაკი, რატომღაც, საერთოდ არ შუქდება ის ვანდალიზმი, რაც იქ მოხდა. ვერცერთი ნორმალური სახელმწიფო აიტანს იმას, რაც იქ ვნახეთ – იმ შეძახილებს, ქვების სროლას, დაწვეს ძვირადღირებული მანქანა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ახალი ჰესების ამოქმედების შემდეგ პანკისის ხეობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ენერგომომარაგება.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლების დასაქმება, რაც ამ კუთხისთვის, ბოლო წლების მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევაა. თუ ამას დავუმატებთ ინვესტორი კომპანიის მიერ სამომავლოდ ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებს, გაიზრდება შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს თანხებიც, ასევე, ხეობის ლოკალურ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი