სუს-ის ანგარიში: ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს

0

“2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მისივე თქმით, გასულმა წელმა ცხადყო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე, ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.
“კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის – მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისაკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.
გასული წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ გალის რაიონში ეთნიკური ქართველების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარება. გალის მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, საკუთრების უფლება საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვებით უკიდურესად არის გაუარესებული. საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“. აღნიშნული მიზნისთვის საოკუპაციო ძალა და დე ფაქტო რეჟიმი აქტიურად იყენებენ „სამურზაყანოელი აფხაზის“ გამოგონილ ცნებასა და მისი დამკვიდრების მიზნით შექმნილ ე.წ. ორგანიზაციებს.
2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ეთნიკური ქართველების სახლების განადგურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული კვალის წაშლისა და ქართველების საცხოვრებელი სახლების განადგურების მიზნით ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მოწყობის გეგმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მოიპოვებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხდება ამ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საოკუპაციო ძალის, დე ფაქტო რეჟიმების, მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ განხორციელებულ არაკანონიერ საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაპირისპირება მიმდინარეობს საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა რელევანტური ბერკეტის საშუალებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა.
2018 წელს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი