გიორგი გახარია: შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები პანკისის ხეობას დატოვებენ, თუმცა გაძლიერებული პოლიცია ადგილზე დარჩება

0

“შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები პანკისის ხეობას დატოვებენ, თუმცა გაძლიერებული პოლიცია დარჩება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პოლიცია მართლწესრიგსა და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას სრულად დაიცავს. მინისტრის ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
„დღევანდელი შემთხვევა იყო ძალიან მძიმე ყველასთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა იყო უმძიმესი ხეობის მოსახლეობისა და საქართველოს პოლიციისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ უხუცესი ადამიანების სიბრძნისა და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების გათვალისწინებით, მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე, გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და ძმობას მომავალში, ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მშენებლობისთვის.
ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივი და ამავდროულად, რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით და მასთან შესაბამისობაში აგებს პასუხს. ასევე, შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ მხარდაჭერის კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა.ამ
სთან, შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, შს მინისტრი განმარტავს, რომ ამ დროისთვის, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, საუბარი და მოლაპარაკებები გრძელდება.„ენერ
გეტიკულ კონტექსტში, პანკისის ხეობაში მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს და ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ერთ ჰესზე. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ შედეგი ფაქტობრივად სახეზე გვაქვს, ახლა მთავარია, ყველა – უხუცესები, სახელმწიფო, შსს და რაც მთავარია, ჟურნალისტები ამ შედეგს გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, არ გავაგრძელოთ ღიმილისმომგვრელი პროვოკაციული შეკითხვები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში, გახარიასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. მანამდე, გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რომ მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის, 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი