ამირან სალუქვაძე : პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არაა სამართლებრივი ქმედება და ვერ გამართლდება

0

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ანალიტიკოსის შეფასებით, ახლა საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
” 1. ხელისუფლებას ეხება : ა) იმედია იცით რას აკეთებთ; ბ) კარგია, რომ შსს-ს ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ არაა საკმარისი. ჩადით ხალხთან და ხალხს ესაუბრეთ. სატელევიზიო განცხადებები ასეთ დროს, თუნდაც ჰესის უვნებლობის შესახებ, არ მუშაობს. იქ, ველზე გასული ხალხი, ტელევიზორს არ უყურებს. მეტი რჩევის მოსაცემად, მეტი ინფორმაციაა საჭირო, რაც არ გაგვაჩნია.

2. მედიას ეხება : ლაივებს არავინ გიშლით, ილაივეთ, ოღონდ ნუ ძაბავთ უარესად, ნუ აპანიკებთ. იცით კარგად, რასაც ვგულისხმობ. ჩვენს მოთმინებასაც აქვს ზღვარი. დაუწიეთ ტემპერატურას.

3. სხვადასხვა (ა)პოლიტიკურ ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს ეხება: შეასრულეთ მაშველის ფუნქცია და არა პირიქით.

4. იმათ ეხება, წინა წლებში რომ საუბრობდით, საქართველოს ჰესების დიდი პოტენციალი აქვსო: ფირფიტას ნუ ატრიალებთ.

5. მოსახლეობას ეხება: არაა ეს თემა სახუმარო და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველაფერს მოაგვარებენ, მოილაპარაკებენ, შეთანხმდებიან.

6. ხეობის მოსახლეობას ეხება : პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არაა სამართლებრივი ქმედება და ვერ გამართლდება. არსებობს სამართლებრივი გზები და იმოქმედეთ შესაბამისად, თუ რაიმეს არ ეთანხმებით. მოუსმინეთ ხელისუფლებას, თქვენც უთხარით სათქმელი და გაერკვიეთ ყველაფერში, მშვიდად”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი