ხასო ხანგოშვილი: ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მისაღებ პირობებს სთავაზობდა

0

 

პანკისის ხეობის უხუცესი – ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მისაღებ პირობებს სთავაზობდა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხეობაში საქმე ამ დონემდე არ უნდა მისულიყო.
ხასო ხანგოშვილის შეფასებით, პანკისში არსებული ვითარება ძალიან მძიმე საყურებელია. იგი მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისად არ იყო ინფორმირებული.
„პანკისის ხეობაში არსებული ვითარება ძალიან მძიმე საყურებელია. აქამდე არ უნდა მისულიყო ეს საქმე. როდესაც ვხვდებოდით მინისტრებს, გვქონდა ამაზე საუბარი. განვაცხადეთ, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, ხელისუფლებამ ამ კუთხით არ ჩაატარა განმარტებები, რამდენად შესაძლებელია ჰესის მშენებლობა. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება და აუცილებლად გაკეთდება, მაშინ ხეობამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. აგრესია იმან გამოიწვია, რომ ამხელა რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანა ვფიქრობ, არ იყო საჭირო. თუკი წინააღმდეგობა იქნებოდა, შეიძლებოდა დალაპარაკება ახალგაზრდებთან.
მეორე მხარემ, მაგალითად, ფირმის წარმომადგენლებმა წერილობითაც გაავრცელეს თავიანთი ძალიან მისაღები პირობები. ჩემი გაგებითა და ანალიზით, ფირმა ცალკე დარჩა და ხელისუფლება ცალკე. ამიტომ, ვფიქრობ, ვერ ჩაწვდა მოსახლეობა. ახლაც ამბობენ, რომ ერთი ფირმის გამო, რატომ უნდა იყოს მთელ საქართველოსთან დაპირისპირება. ფირმა თავის საქმეს აკეთებს და ხელისუფლებას ახსნა-განმარტება უნდა გაეკეთებინა. სპეცრაზმის შემოყვანამ ნამდვილად გამოიწვია აგრესიული განწყობა“, – აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.
კითხვაზე, ჰესის აშენების შემთხვევაში, რა პირობებზე იყო საუბარი, ხანგოშვილმა აღნიშნა, რომ კარგი პირობები ჰქონდათ.
„რამდენიმე სოფელი უფასო ელექტროენერგიას მიიღებდა, თუკი წყალთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა იქნებოდა, კომპანია გვპირდებოდა, რომ ალტერნატიულ გზას გამონახავდა და ამ პრობლემას მოაგვარებდა. ამავე დროს, ხიდის მშენებლობა, გზების შეკეთება, წყლით სოფლების უზრუნველყოფა, საქველმოქმედო ფონდის შექმნა, ახალგაზრდებისთვის სწავლის საფასურის გადახდა. ნამდვილად კარგი პირობები ჰქონდათ“, – აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.
სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. არიან დაკავებულებიც. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი