საქსტატი მოსახლეობის შიდა გადაადგილებას მობილური ტელეფონების საშუალებით დაითვლის
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომავალი წლიდან შიდა ტურიზმისა და შიდა მიგრაციის მაჩვენებლებს მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების საშუალებით დაითვლის. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, მოსახლეობის გადაადგილება, ასევე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მაჩვენებლები 24-საათიან რეჟიმში მობილური ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაითვლება.
„საქართველოს მოსახლების 95% ფლობს მობილურ ტელეფონს. ამდენად, შესაძლებლობა გვექნება, მოსახლეობის გადაადგილების მაჩვენებელი გამოვთვალოთ, რაც ბევრად უტყუარი მონაცემია, ვიდრე სხვა წყაროებზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, როცა ადამიანი ბათუმიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში, ყოველთვის არ აკეთებს ოფიციალურ ამოწერას და ა.შ. ეს იქნება ალტერნატიული ინფორმაციის წყარო და გვინდა, შევადაროთ არსებულ მონაცემს“, – განაცხადა თოდრაძემ და აღნიშნა, რომ ეს გაეროს სტატისტიკის კომისიის ინიციატივაა.