საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის -„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა.

როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იან ჩიმ მოაწერეს.

ლევან დავითაშვილმა ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში მრავალი მიმართულებით გაღრმავდა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მორიგი დახმარება აღმოუჩინა. მიღებული ტექნიკა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან არაერთი დახმარება გვაქვს მიღებული, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებაა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

​ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ მათ მიერ გადმოცემული აღჭურვილობა ქვეყანას აღნიშნული პროგრამის გადაჭრაში დაეხმარება.

„ჩინეთის მთავრობა, შესაძლებლობის ფარგლებში, ეხმარება საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ გადმოცემული აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შეუფერხებელ განვითარებას“, – განაცხადა ძი იან ჩიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი