ილია ვერძაძე: აჭარის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 13 ოპერატორის მოთხოვნა სამართლიანი და კანონიერია

0

აჭარის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ილია ვერძაძე აჭარის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 13 ოპერატორის მოთხოვნას სამართლიანად და კანონიერად მიიჩნევს.
როგორც „კვირას“ ილია ვერძაძემ განუცხადა, ოპერატორების მოთხოვნა უკვე ერთი წელია, გრძელდება და დღეს მათ პროტესტის ამგვარ ფორმას მიმართეს.
მისივე ინფორმაციით, ტელევიზიის ოპერატორები უკვე ერთი წელია, ხელფასის მომატებას – დაახლოებით, 500 ლარს ითხოვენ, რაც ტელევიზიის მენეჯმენტმა დღემდე დადებითად არ გადაწყვიტა.
„ოპერატორების მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანი იყო და ეს პროცესი თითქმის წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება. ოპერატორები ითხოვდნენ, რომ ან ხელფასები მოემატებინათ, ან მეორე ფუნქცია მოეხსნათ. საუბარი იყო თითო ოპერატორისთვის 500 ლარის ფარგლებში ხელფასის მომატებაზე – ჯამურად, 5000-6000-მდე ლარზე იყო საუბარი. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ოპერატორების პროტესტი დააჩქარა შემდეგმა ფაქტმა – ტელევიზიის ხელმძღვანელობა ხშირად აპელირებდა, რომ აღნიშნული თანხა ბიუჯეტს არ ჰქონდა. თუმცა, ორი-სამი თვის წინ ტელევიზიის დირექტორის ერთ-ერთ მრჩეველს ზუსტად ამ ოდენობის ხელფასი დაუნიშნეს, რაც ოპერატორებმა ძალიან კარგად იცოდნენ. ანუ ერთი თანამშრომლის ხელფასი აგვარებდა 13 ოპერატორის პრობლემას, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში შრომობენ. მაშინ, როცა გადაღების შემდეგ ითხოვ მონტაჟსა და ხარისხს, რაშიც შესაბამის ხელფასს არ უხდი, მიმაჩნია, რომ მათი მოთხოვნა იყო სამართლიანი“, – განუცხადა „კვირას“ ილია ვერძაძემ.
ამასთან, როგორც „კვირას“ ვერძაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ოპერატორები ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, ტელევიზიის დირექტორმა, დაახლოებით, ორი კვირის წინ კონკურსი გამოაცხადა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ნაცვლად იმისა, რომ ოპერატორებისთვის ხელფასი მოემატებინა, კონკურსი გამოაცხადა და ტელევიზიის ოპერატორებთან შეხვედრაზე დირექტორმა მათ უთხრა – თუ არ მოგწონთ- წადით, ოპერატორების რიგი მაქვს ტელევიზიაშიო. ამიტომ, დღეს ოპერატორებმა პროტესტის ამ ფორმას მიმართეს და გაფიცვა მოაწყვეს. სამწუხაროდ, აღნიშნული აქცია ბორდის გადაწყვეტილებას დაემთხვა, თუმცა, ოპერატორების გაფიცვა კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული“, – აღნიშნა ილია ვერძაძემ.
ცნობისათვის, დღეს აჭარის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 13 ოპერატორი გაიფიცა. მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს.
ოპერატორები ხელფასების გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვდნენ. მათივე ინფორმაციით, ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ ჰქონდათ.
ოპერატორებმა აქცია დროებით შეწყვიტეს, ამის მიზეზი კი ტელევიზიის ბორდის გადაწყვეტილება გახდა. სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.
როგორც ნათია კაპანაძემ აღნიშნა, იგი ბორდის გადაწყვეტილებას სამოქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი