ომბუდსმენი: აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან ნათია კაპანაძის გადაყენება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს

0

„აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან ნათია კაპანაძის გადაყენება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი დასასრული მოულოდნელი იყო იმ ვითარებაში, როცა არცერთ აქტორს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს აფასებს, არ ჰქონია რაიმე პრეტენზია აჭარის მაუწყებლობის მიმართ.
„აჭარის ტელევიზია აღიარებული იყო, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, დაბალანსებული მედიასაშუალება, რომელიც აშუქებდა მრავალფეროვნებას, მათ შორის – ეთნიკურ, კულტურულ მრავალფეროვნებას. პოლიტიკური თვალსაზრისითაც დაბალანსებული იყო. ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს, რომ ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა მისი იმპიჩმენტი, როცა დირექტორს ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და იმედია, სასამართლო თავის სათქმელს იტყვის. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყოს იმ სარედაქციო პოლიტიკისგან, რასაც ტელევიზია ატარებდა, რადგან დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია იყო. როცა ტელევიზიის მიმართ გარე პრეტენზია არ არსებობდა და დაჩქარებულად მოხდა დირექტორის იმპიჩმენტი, ამაზე კითხვები მეც მიჩნდება”, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი