ოთარ ანგურიძე: სავსებით შესაძლებელია, რომ “თიბისი ბანკის” ლონდონელი აქციონერები 17-მილიონიანი სესხის დაბრუნებას ითხოვდნენ

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ “თიბისი ბანკის” ლონდონელ აქციონერებს მამუკა ხაზარაძისგან ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოეთხოვათ.
როგორც ანგურიძემ აღნიშნა, მას აღნიშნული შეფასების გაკეთების საფუძველს ბანკის უცხოელი აქციონერების მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები აძლევს.
“სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ მოთხოვნა რეალურად ჰქონდეთ “თიბისი ბანკის” ლონდონელ აქციონერებს. ჩვენ გვახსოვს პირველი რეაგირება, როდესაც ბანკის აქციონერებმა მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება, აღესრულებინათ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი საკითხები, მათ შორის – ერთი მილიონის გადახდა და, ასევე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მენეჯმენტის ცვლილება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ აქციონერებმა საკითხი გაიაზრეს და მიიჩნიეს, რომ მოთხოვნა, რომელიც იყო ეროვნული ბანკის მხრიდან იმ კონკრეტულ ნაწილში – იყო სწორი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ბანკის მიერ ჩატარებული ტრანზაქციები აქციონერებისთვის იყო უცნობი და როდესაც მათ ამის შესახებ შეიტყვეს, ბუნებრივია, ექნებოდათ პრეტენზია საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია სამართლებრივი დავა თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს 17 მილიონი, ფაქტობრივად, არის გამქრალი და ეს აქციონერებისთვის არის ზარალი, არცერთი აქციონერი შეეგუება 17 მილიონის ოდენობის დანაკარგს”, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.
TBC ბანკის ლონდონელმა აქციონერებმა ხაზარაძეს კრედიტის დაბრუნება მოსთხოვეს?! – ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორმა” სტატია დღეს გამოაქვეყნა.
საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები