„ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს“, – ამ სიტყვებით მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ირმა ინაშვილი პარლამენტის უმრავლესობის იმ დეპუტატებს, ვინც ლევან მურუსიძეს იცავს.
ირმა ინაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრები კიდევ ერთხელ გააფრთხილა და განაცხადა – სწორედ „ეს ხალხი ჩამოგაგდებთ“.
მისივე თქმით, მოვა დრო და ზემოაღნიშნული მოსამართლეები დადებენ სამართლებრივ დასკვნას, რომ მათი პოლიტიკური განეიტრალება სამართლიანად მოხდა.
„მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით პროცესი მიდის პარლამენტში, საზოგადოებასა და ტელეეთერში. მინდა, ამ მესამე კომპონენტიდან დავიწყო – ჩვენ ვხედავთ ტელეეთერში, რა გამალებით იცავს „ქართული ოცნება“ მურუსიძეს: „ქართულ ოცნებას“ მინდა, მივმართო – ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, ნუ დაიცავთ, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. დრო მოვა და, აი, ეს ხალხი იტყვის მერე, რომ კანონით ვიხელმძღვანელეთ. ეს ხალხი ჩამოგაგდებთ და სამართლებრივ დასკვნას დადებს კიდევ, რომ სამართლიანად მოხდა თქვენი პოლიტიკური განეიტრალება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს რაზეც ვმსჯელობთ პარლამენტში, ეს მაინც კოსმეტიკური ცვლილებებია. აქ არ მიდის საუბარი ღრმა, ფუნდამენტურ ცვლილებებზე, როგორ შევცვალოთ მართლმსაჯულების სიტემა.
რა ცვლილებაზე ვლაპარაკობთ. იუსტიციის საბჭოს, მოქმედი შემადგენლობით (არ ვგულისხმობ ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს), არანაირი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან – არანაირი ნდობა პოლიტიკური სპექტრის, მესამე სექტორისა და, რაც მთავარია, ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ინაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს და უმრავლესობამ არ უნდა იჩქაროს.
„ამ იუსტიციის საბჭოს, მიქაუტაძე-გვრიტიშვილებს, მეთოფიშვილებსა და სხვებს, კვლავ აქვთ პრეროგატივა, რომ შეარჩიონ მოსამართლეები. რა ცვლილება უშველის ამას, ხალხო, თუნდაც, სასიკეთო ცვლილება იყოს შემოტანილი ახლა აქ, პარლამენტში. მინდა, ბატონ ირაკლისაც ეს კითხვა დავუსვა; მინდა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობასაც ეს შეკითხვა დავუსვა. რატომ ვჩქარობთ ისე, რომ დაიდო ვენეციის კომისიის დასკვნა, ეუთო-ს დასკვნა, რეკომენდაციები, კომიტეტის განხილვის გარეშე გამოვედით პირდაპირ პლენარულ სხდომაზე. გვეჩქარება სადმე? ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, პასუხისმგებლობა აქვს, მომავალი 30 წლის მანძილზე რა ტიპის სასამართლო გვექნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა დეპუტატს, გააცნობიეროს, რა დიდი მნიშვნელობის საკითხი გამოვა კენჭისყრაზე.
ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მურუსიძეებსა და ჩინჩალაძეებს დავუტოვოთ ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.