ექსპერტი: დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე   ენერგეტიკული პროექტების განხორციელება მიუღებელია 

“დაცული ლანდშაფტის შიგნით ენერგეტიკული პროექტების, მით უმეტეს, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორციელება მიუღებელია”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი მაჭარაშვილი იმ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვები ხდება.

„პრაქტიკულად, დაცულ ლანდშაფტში ასეთი პროექტების განხორციელება ნიშნავს იმას, რომ ის მთლიანად ეწინააღმდეგება დაცული ლანდშაფტის იდეას. დაცული ლანდშაფტი არის დაცული ტერიტორია, რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ შექმნილი გარემოსა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული შერწყმის შედეგად არსებული კულტურული და ბუნებრივი მშვენიერების დასაცავად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იმ თვალსაზრისით, რომ ისინი მისდევენ ტრადიციულ საქმიანობას და არ იცვლება ბუნებრივი  ლანდშაფტის იერსახე. ეს კანონპროექტი თავის თავსაც კი ეწინააღმდეგება, ვინაიდან კანონპროექტის მიზნებში სწორედ ეს არის აღნიშნული, რომ კანონპროექტი მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას ბუნებრივი ლანდშაფტი, ადამიანის მიერ შექმნილი კოშკები, თუ სხვა ნაგებობები. შეუძლებელია, ეს არსებობდეს ერთად   – დაცული ლანდშაფტი და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები, ან, თუნდაც, არამასშტაბური, მაგრამ ისე, როგორც შენდება. მაგალითად, „არაგვი ჰესი“ გუდაურთან, ფაქტობრივად, ისეა აშნებული, რომ „თევზსავალი“ არ არსებობს, წყლის გარეშეა. პრაქტიკულად, 8 -მეგავატიანი ჰესისთვის საფრთხე ექმნება მთელი არაგვის იხტიოფაუნას.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ: მწვანე ალტერნატივამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და EMC -მ  განცხადებით მივმართეთ პარლამენტს. ხაზი გავუსვით იმ პრობლემებს, რომლებზეც  ახლა ვსაუბრობდი, რომ დაცული ლანდშაფტის შიგნით  ენერგეტიკული პროექტების, მით უმეტეს, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორციელება იქნებოდა მიუღებელი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა.  პაკეტი სამ კანონპროექტს მოიცავს: არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნის შესახებ და „დაცული ტერიტორიების სისტემის კანონში“ ცვლილებებს.

„ორი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა – ცალსახად პოზიტიური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ეს პოზიტიური მოვლენა მთლიანად იფარება ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში  დაგეგმილი ზოგიერთი დებულებით. მინდა, ხაზი გავუსვა რამდენიმე პრინციპულ და  პრობლემურ საკითხს.

ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და მოამზადეს  სპეციალური ანგარიში დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის შესწავლასთან დაკავშირებით (ე.წ. სიტუაციური ანალიზი), ასევე, კანონის პროექტი.  მათ თანახმად, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების: გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის ტერიტორიებზე უნდა შექმნილიყო ახალი დაცული ტერიტორია  – „არაგვის დაცული ლანდშაფტი“.

კანონპროექტი, დაახლოებით, 1.5 წლის წინ მომზადდა, განხილული იქნა ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე, დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოზე და ყველგან მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამის შემდეგ დაიწყო კანონპროექტის პარლამენტში წარდგენასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამინისტროს შორის განხილვები. კანონპროექტს ბლოკავდა ენერგეტიკის (შემდგომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) იმის გამო, რომ გეგმავდნენ მდინარე არაგვზე რამდენიმე ჰესის აშენებას. ასეთი წინადადებაც კი იყო მათი მხრიდან:  არაგვის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არ შესულიყო მდინარე არაგვი.

საბოლოოდ, როგორც წარმოდგენილი კანონპროექტებიდან ჩანს, ასეთ გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდნენ – მდინარე არაგვი შევიდოდა დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში, მაგრამ, ამავდროულად, ცვლილებები შევიდოდა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში და დაშვებული გახდებოდა ჰესების მშენებლობა დაცულ ლანდშაფტში.

კერძოდ, კანონპროექტი შემოთავაზებული ცვლილები მთავრობას საშუალებას აძლევს, დაცულ  ლანდშაფტებში დაუშვას ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა (განმარტებითი ბარათის მიხედვით – მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა),  როგორებიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. იმავეზეა საუბარი თრუსოს დაცული ლანდშაფტის შესახებ კანონპრპექტში – „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება, ასეთი ტიპის ტერიტორიაზე კი, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დაცული ტერიტორიების კონცეფციასა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN)  პრინციპებთან.

„დაცული ლანდშაფტი შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას.

უფრო მეტიც, წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილ სხვა პროექტებთან. მაგალითად, კანონპროექტებში საუბარია, რომ თრუსოსა და არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ისე – ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.  ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების ბიოლოგიური, ლანდშაფტური, კულტურული მრავალფეროვნებისა და მაღალი ისტორიული და ესთეტიკური  ღირებულებების შენარჩუნების მიზნით. მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები ამ მიზანთან არის შეუთავსებელი.

ამასთანავე, გაუგებარია, რა სახით იღებს გადაწყვეტილებას მთავრობა – გარემოზე ზემოქმედების შეფასების  ანგარიშს შეაფასებს პრემიერმინისტრის აპარატი და არა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო? რა კომპეტენცია აქვს ამისათვის? თუ გზშ-ს გარეშე მოხდება გადაწყვეტილების მიღება?

ბოლო პერიოდში, როდესაც ასეთ ინიციატივას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა, მათ შორის – პარლამენტშიც, მთავრობამ რიტორიკა შეცვალა და ამბობს, რომ მხოლოდ მცირე მასშტაბის ჰესებზეა საუბარი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მცირეა თუ დიდი ჰესი, უნდა განვსაზღვროთ არა მათი ენერგეტიკული სიმძლავრის მიხედვით, არამედ – გარემოზე მიყენებული ზიანის სიდიდის მიხედვით.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამშენებლო საქმიანობა დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ მისი დაცვის, აღდგენის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასაბუთებული საჭიროებისა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად („ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N59-ე დადგენილების მე-13 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი).

მოსალოდნელია, რომ მთავრობის ამ დადგენილების ტექსტი შეიცვლება, ან იგნორირებული იქნება, თუ კანონპროექტები წარმოდგენილი სახით დამტკიცდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა, რეგლამენტის ეს ფორმულირება გადმოვიდეს კანონში.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მიკრო და მცირე ჰესის, მზისა და ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა შესაძლებელია, საჭირო იყოს ადგილობრივი მოსახლეობისა და დაცული ლანდშაფტისათვის. აქედან გამომდინარე, მხარს დავუჭერთ შემდეგ ფორმულირებას:

„დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ნებისმიერი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის მშენებლობა არ ეწინააღმდეგება დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებს.

სამშენებლო საქმიანობა დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ მისი დაცვის, აღდგენის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასაბუთებული საჭიროებისა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად. ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივ ქსელში ჩართვის მიზნით“, – მგანაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის,  პარლამენტი  მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები. ამავე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია მთავრობა.

„როგორც ვიცი, შეჯერდა ერთიანი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, გარკვეული დოზით, ობიექტები იქნება დაშვებული დაცულ ტერიტორიებზე. აქ საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის მსხვილ ჰიდროსადგურებზე, ან მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე. საუბარია ელემენტარული პირობების შექმნაზე იქ მცხოვრები მოსახლეობის, ან ტურისტებისთვის.

უნდა გავანათოთ ტურისტული ობიექტები და გავათბოთ. ამისთვის მთელს მსოფლიოში გამოიყენება მიკროჰესები, მზის პანელები,  ქარის მიკროსადგურები და მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ ხელი შევუწყოთ დაცული ტერიტორიების განვითარებას. ეს სრულიად უმტკივნეულოა, ლანდშაფტთან შესაბამისობაში იქნება და განსაკუთრებულ ექსპერტიზას გაივლის“, – განაცხადა თურნავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები