კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მუსიკისმცოდნე მანანა კორძაიას გარდაცვალების გამო

კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მუსიკისმცოდნის, მუსიკის ისტორიკოსის, პედაგოგ მანანა კორძაიას გარდაცვალების გამო,  პატივს მიაგებს მანანა კორძაიას ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
„მანანა კორძაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარედაქციო-სარეპერტუარო კოლეგიის რედაქტორად. იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი კულტურის საკითხებში.
ამასთანავე, იგი წარმატებით საქმიანობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწვლებელში („ნიჭიერთა ათწლედი“); კითხულობდა მუსიკის ისტორიის სალექციო კურსს თსუ – ს ხელოვნების ფაკულტეტზე, მუსიკის ჟურნალისტიკას – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე კითხულობდა სალექციო კურსებს: საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია, მუსიკა მსოფლიო ხელოვნების ჭრილში, კინოსა და თეატრის მუსიკა, ქართული მუსიკის ისტორია.
მანანა კორძაია არაერთი საინტერესო სტატიის, კვლევისა და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორია. მისი პიროვნული ღირსებები და პედაგოგიური მოღვაწეობა ახალგაზრდა თაობის უანგარო მსახურებისა და პროფესიისადმი ერთგულების მაგალითია“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები