მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, ნათია თურნავა არის მაღალი დონის პროფესიონალი სერიოზული გამოცდილებით და მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობისა, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
რაც შეეხება გიორგი ქობულიას – მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი და მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად მიმართულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აერთიანებს, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მომავალში გამოგვადგება. ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის, მინიმუმ, ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისევე – საჯარო სექტორში. ნათია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩემი შეხედულებით, ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობისა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის დავალებები და ვადები, რომლებიც შესასრულებელი ექნება მას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და მკაცრი, თუმცა, ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები