“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თურნავა აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ნათია თურნავამ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს იმ ნდობისთვის, რაც მე მან გამომიცხადა, ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გოგა ქობულიას იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშორმლობისთვის, რაც ჩვენ შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ; ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტულ ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაღალი ნდობა გავამართლო”, – განაცხადა ნათია თურნავამ.