სეს-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, კვერცხის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას გაეცნონ

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლი გააქტიურა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

„ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში, ასევე, მოწმდება, თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა“, – აცხადებენ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს კვლავ აგრძელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს – ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას.

ცნობისთვის, 2013 წლის მაისში  „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ” N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები