„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის – გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გავლენისთვის ბრძოლასა და შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.
სალომე სამადაშვილის აზრით, გიორგი ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და ამ პროცესს შეეწირა.
„ვიცით, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში თანამდებობის პირების – ქობულია იქნება თუ სხვა – დანიშვნა ან თანამდებობიდან გადაყენება იმის მიხედვით კი არ ხდება, რეალურად, საქმის თვალსაზრისით მათ რა დამსახურება აქვთ, ან რა ვერ გააკეთეს – არამედ, ეს მუდმივად ბიძინა ივანიშვილის “კლანის” კულუარული დაჯგუფების შიდა ინტერესების გადაჯგუფება და იქ გაჩენილი კონფლიქტებია. ქობულიას თანამდებობიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გავლენისთვის ბრძოლასა და შიდა დაპირისპირებას უკავშირდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია.
პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე – ნათია თურნავა დაინიშნა.