რევაზ სოხაძე: თაბორის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და მერიის მოსაზრებაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს მიწის ადგილმონაცვლეობა.
„სხვა მექანიზმი იმისთვის, რომ მშენებლობა შეჩერებულიყო, არ არსებობს. ამიტომ, დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რაც მესაკუთრესთან შეთანხმებულია, რომ  აღნიშნული ტერიტორია ჩავანაცვლოთ სხვა ტერიტორიით. მიწის შეფასებას ახდენს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ამიტომ, ამასთან დაკავშირებით თითის გაშვერა მერიისკენ ან საკრებულოს მხარეს მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ.
რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიცია ციფრებით აპელირებს, რაც უსაფუძვლოა.
„აქ უბრალო მათემატიკაა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე გარეუბნებში და ოპოზიციის განცხადებები ამასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. თაბორის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის მონაცვლეობა ხორციელდება მუხიანში მიწის ნაკვეთზე, რაც თავისთავად იწვევს ფასთა სხვაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოსა და მერიას შეკითხვები არ უნდა დაესვათ, რადგან ექსპერტიზის ოფიციალური შეფასების შესაბამისად ვხელმძღვანელობთ“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები