თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ

თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აზერბაიჯანის მოქალაქის, ზარინა ალიხანოვას სარჩელს, რომლითაც იგი თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისგან შვილის სწავლის საფასურის უკან დაბრუნებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ზარინა ალიხანოვასა და მისი შვილის რ.ა.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან, სწავლის საფასურის მორიგი გაძვირებისას, ზარინა ალიხანოვა იძულებული გახდა, შვილი კერძო, ძვირადღირებული სკოლიდან გამოეყვანა და საჯარო სკოლაში გადაეყვანა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, აღიარება განათლების სამინისტროსგან, რის გამოც მისი შვილს მოუწია ხუთი კლასის გამოცდების ჩაბარება ხელახლა და ერთი კლასით უკან დაბრუნება.

როგორც გიგუაშვილმა განაცხადა, მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, არასრულწლოვანი რ.ა. დღემდე მკურნალობს და ესაჭიროება რეაბილიტაცია.
“ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, როდესაც ასეთი ძვირადღურებულ სკოლას არ გააჩნია უცხოენოვანი პროგრამის შესაბამისი აღიარება და, რაც მთავარია, ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულები მშობლები. ისინი იხდიან ასტრონომიულ თანხებს, სწავლის საფასური მერყეობს 12 000 აშშ დოლარიდან 18 000 აშშ დოლარამდე წელიწადში და მას შემდეგ, რაც მათი შვილები დაასრულებენ სწავლას, ისინი ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ საქართველოში, ვინაიდან ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნია კანონით დადგენილი აღიარება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სკოლის ხელმძღვანელობას განმარტების თაობაზე, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება არასრუწლოვანს, მაგრამ ისინი ქედმაღლურად შეხვედრაზეც კი არ დაგვთანმხდნენ და განაცხადეს, რომ მათ ისედაც ბევრი მოსწავლე ჰყავთ და არ აინტერესებთ კონკრეტული პრობლემა. მათი სოციალურო უპასუხისმგებლობისა და ადამიანური თანაგრძნობის არქონიდან გამომდინარე, დამრჩა განცდა, რომ ისინი სკოლას უყურებენ, როგორც სუპერმარკეტის მსგავს ბიზნესს და ბავშვები მათთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა ისე, რომ არ ესმით არც განათლების ზოგადი არსი და არც – მათი როლი არასრულწლოვნებთან დამოკიდებულებაში, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ზარინა ალიხანოვას მსგავსად კიდევ მრავალი მშობელი აპირებს ჩივილს და ისინი, სამოქალაქო სასამართლოს გარდა, აპირებენ, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები