დავით ბაგრატიონ-მუხრანელი: ერთხელ და სამუდამოდ, მივმართავ უგუნურ ადამიანებს
“ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას”, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც “ფეისბუქში” საქართველოს “სამეფო სახლის” გვერდზე განთავსდა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აღნიშნავს, რომ გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.
“მინდა, სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებასა და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებსა და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.
მინდა, ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმოს ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი.
ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს “სამეფო სახლის” სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.