ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ

ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე მიიღეს.
განცხადებაში ავტორები, ასევე, ეხმაურებიან საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციას და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. განცხადებას 200-ზე მეტი ავტორი და შემსრულებელი აწერს ხელს. ის, გარდა რუსეთისა, ასევე, გაეგზავნა ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. წერილს “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) წევრთა მიმართვა
რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოებასა (RAO) და
რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (VOIS):
თბილისი, 14 აპრილი, 2019 წელი:
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც, კანონის შესაბამისად, აქვს ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ GCA ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვასა და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს, იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. GERA-ს მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს GCA-ს კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და, შესაბამისად, ყველანაირი კავშირი GERA-თან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორამციას, მათ შორის იმას, რომ RAO-ს შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება GCA-თან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა.
გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორგანიზაციებს (RAO, VOIS) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არარსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან GCA-ს გარდა ვერავინ შეძლებს, შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ, შეასრულოთ GCA-ს და თქვენ შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები”, -აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვა შედგენილია GCA-ს საერთო კრებაზე და ასოციაციის წევრები აწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები