სოფიო ხორგუანი უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საბინაო პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო ხორგუანი უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საბინაო პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს.
ხორგუანის ინფორმაციით, თბილისში, შემოსავლების სამსახურის ყოფილ შენობაში (პაოლო იაშვილის #4), უკვე 7 წელია, სოციალურად დაუცველი 62 ოჯახი ცხოვრობს.
„მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა. არ აქვთ ბუნებრივი აირი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქვთ ერთი, საერთო მრიცხველი და, ვინაიდან ყველა ოჯახი დროულად ვერ ახერხებს შესაბამისი კომუნალური გადასახადის გადახდას, თვის ბოლოს ყველას ეთიშება შუქი. ამ რთული პირობების პარალელურად, ისინი ცხოვრობენ გაურკვევლობაში, რადგან არ იციან, რა გეგმები არსებობს მათთან დაკავშირებით“, – აცხადებს ხორგუანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპუტატობის კანდიდატი კახა კალაძეს მიმართავს, ხომ არ არის გათვალისწინებული/დაგეგმილი მათი შესახლება რომელიმე კონკრეტულ საცხოვრებელ შენობაში.
„თუ ასეთი რამ არ იგეგმება, მოქალაქეების თხოვნაა, მერიამ დახმარება გაუწიოს და ინდივიდური გამრიცხველიანების საკითხზე იშუამდგომლოს თელასთან, რათა მათ ისედაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ყოველთვიურად უშუქობაც არ ემატებოდეს“, – აღნიშნავს სოფიო ხორგუანი.
დეპუტატობის კანდიდატს, ასევე, მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა საბინაო პოლიტიკა.
,,უნდა გამოიყოს თანხები და აშენდეს კორპუსები. ასე მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება და ისტორიულ შენობებსაც (რომლებსაც, გაუსაძლისი პირობებით, დროებით მფლობელობაში გადავცემთ სოციალურად დაუცველებს) სწორად გამოვიყენებთ. მაგალითად, დასახელებულ მისამართზე არსებული შენობა მე-19 საუკუნის დასასრულს არის აგებული. გამორჩეული არქიტექტურის გამო, 2007 წლის 1-ელ ოქტომბერს მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შენობის საერთო ფართობი 2515 კვადრატული მეტრია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. მისი ღირებულება, მინიმუმ, 6 287 500 ამერიკულ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
მისი თქმით, დღეს აღნიშნული შენობა მოუვლელია და იქ მცხოვრები 62 ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში იმყოფება, ხოლო მათთვის სამშენებლო ნორმების სტანდარტების დაცვით კორპუსის აშენება გაცილებით იაფი – დაახლოებით, 500 000 ლარი დაჯდება და ასეთ კორპუსში საცხოვრებელი პირობები გაცილებით უკეთესი იქნება.
,,საჭიროა ნება და სათანადო გადაწყვეტილება, რომ დროულად დავიწყოთ ზრუნვა ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად. საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატში სრულიად შესაძლებელია, ინვესტორები დავაინტერესოთ და ასეთი ღირებულების ძეგლი სწორად გამოვიყენოთ. დღეს ვერც ძეგლს ვუვლით (მოუვლელობა მხოლოდ აზიანებს მის მდგომარეობას) და ვერც იქ მცხოვრებ ადამიანებს ვთავაზობთ მათი პატივისა და ღირსების შესაფერის საცხოვრებელ პირობებს. საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს, ამიტომ ამ ადამიანების ინტერესების, მათი უფლებების დაცვისა და პატივისცემის მიზნით, უნდა განისაზღვროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საბინაო პოლიტიკა და დროულად იქნეს მიღებული მათი ინტერესების დამცველი კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო ხორგუანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები