კვაჭანტირაძე ჩუგოშვილს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩემი და ეკა ბესელიას მივლინება უნდა უზრუნველყოთ

დამოუკიდებელი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს მოუწოდებს, ასამბლეაში მისი და ეკა ბესელიას მივლინება უზრუნველყოს.
​მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ პასკიესგან წერილი მიიღეს, რითაც დასტურდება, რომ დელეგაციის საკითხზე გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, კანონიერი არ არის.
„წერილში წერია, რომ პასკიეს ამ თემაზე საუბრები თამარ ჩუგოშვილთან ჰქონდა. წერილში პირდაპირ წერია – „როგორც ვხვდები, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობიდან თქვენი კანდიდატურები არ იქნება ამოღებული ახალი წლის დაწყებამდე”. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მოლაპარაკება მათ შორის შედგა. რაც შეეხება დელეგაციის წევრების მივლინების დაფინანსების საკითხს – პასკიეს წერილში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტები ვალდებული არიან, ასამბლეაში თავიანთი წარმომადგენლობების ხარჯები აანაზღაურონ. სამწუხაროდ, პარლამენტში თავზე ხელაღებული წესია დამკვიდრებული, სადაც უგულებელყოფილია დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებები. არანაირი დასაბუთება ყოფილა და პასუხი არ მიმიღია დაფინანსების თაობაზე. ჩუგოშვილს მივწერე, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციის ოთხი წევრის დაფინანსება შესთავაზა”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის გამო, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან გადანაწილდა. ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრები იანვრამდე იქნებიან, რომელთაც შემდეგ არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები