ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება იგნორს უკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებებს

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ვენეციის კომისიის დასკვნას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის 2020 წლის არჩევნებზე კატასტროფული შედეგის დადგომა ცნობილია.
მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა” არჩევნებზე თითოეულ ხმას დაიცავს.
„შემაშფოთებელია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურ იგნორს უკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებებს. ასე იყო არჩევნების დროსაც, როდესაც ეუთო-ს დასკვნა იყო აბსოლუტურად იგნორირებული და გვატყუებდნენ, რომ კარგი დასკვნა იყო; არადა, კატასტროფული იყო ხელისუფლებისთვის. ასევე არის ახლაც, როდესაც გვეუბნებიან, თურმე, ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში და ვენეციის კომისიის დასკვნები არ უნდა გავითვალისწინოთ.
როდესაც კომისია ხედავს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის და დემოკრატიისა და განვითარების გზიდან გადახვევას აპირებს, აძლევს რეკომენდაციებს, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რათა პირობითი დემოკრატიიდან, რომელიც ახლა ჩვენთან არსებობს, მთლად ავტორიტარულ სისტემაში არ გადაიჩეხოს. ის, რაც ხდება ახლა მოსამართლეებთან დაკავშირებით, პირდაპირ მიუთითებს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, 2020 წლის არჩევნებზე კატასტროფული მდგომარეობა ექნება. ამიტომ სჭირდება არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია და არა მხოლოდ ადგილობრივი კომისიები, არამედ – სასამართლოები, რათა გაიმეოროს იგივე, რაც იყო 2016 წელს, როდესაც ჩვენი 700 საჩივრიდან არცერთი განიხილა დ, მით უფრო, არ დააკმაყოფილა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, თუ ხელისუფლება, ივანიშვილი გადაწყვეტს, 2020 წლის არჩევნები გააყალბოს და იგნორირება გაუკეთოს ხელმოწერებს, რომლებსაც ჩვენ და სხვა 20 პარტიის წარმომადგენლები აგროვებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუ ეცდება ძველი სისტემით არჩევნების ჩატარებასა და გაყალბებას, მიიღებს უმძიმეს შედეგებს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი.
არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს, გარიგების ფონზე დააკომპლექტოს პარლამენტი, რომელიც საქართველოს ხალხისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს კი არა, კონკრეტული ადამიანებისა და სხვა სახელმწიფოების ინტერესებს მოემსახურება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები