„თევზის ამოყვანიდან სამ საათში გზის დაგება დაიწყეს“ – რატომ მართავს გოგი წულაია აქცია-პერფორმანსებს

ზესტაფონის მერობის კანდიდატის, “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსებს იმიტომ მართავს, რომ ამით ერთი მხრივ ხელისუფლების ყურადღება მიიქციოს, მეორე მხრივ კი – ცენტრალური ტელევიზიების. ამის შესახებ წულაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„პერფორმანსები, უმეტესად, ქუთაისში მაქვს ნატარები და ერთი-ორი – თბილისშიც. მაგალითად, არსებობდა ერთი ქუჩა, სადაც იყო ორმოები მრავალი წელი. მივსულვარ, ბრიფინგი გამიკეთებია, მოსახლეობასთან ერთად დავმდგარვარ, მითქვამს: ეს რა არის, გააკეთეთ-მეთქი. ამას შედეგი თითქმის არ მოჰყოლია. როგორც კი პერფორმანსი მოვიფიქრე და თევზაობა დავიწყე, დასაცინი გავხადე ქუთაისის იმჟამინდელი მერია და არსებული სიტუაცია. იმ დღესვე, “თევზის ამოყვანიდან” სამ საათში დაიწყეს გზის დაგება. აქედან გავაკეთე დასკვნა და იქამდეც ვფიქრობდი, ისეთი რამ უნდა მოვიფიქრო, რაც აიძულებს ხელისუფლებას, რეაგირება მოაყოლოს-მეთქი. ამიტომ გადავედი პერფორმანსებზე და გულახდილადაც გეტყვით, რომ არა პერფორმანსი, ეს იმდენად არ გაშუქდებოდა. ცენტრალური ტელევიზიები, როგორიც არის „იმედი“, „რუსთავი 2“, ისეთ თემებს, როგორიცაა ის, რომ ქუთაისში, რომელიღაც ქუჩაზე ორმოებია და ხელისუფლება არ აკეთებს – არ გაგაშუქებენ. როგორც კი პერფორმანსი გავაკეთე, იმ წუთას გააშუქეს. აქ ინტერესი იყო ორი: ერთი ის, რომ შედეგი დამდგარიყო; მეორე ის, რომ ტელევიზიაში მოვმხვდარიყავი. ქუთაისიდან გაჭრა ცენტრალურ ტელევიზიებში ძალიან ძნელია“, – განაცხადა წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები