პარლამენტში პლენარული სხდომა 2 საათზე განახლდება

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებული განხილვა 2 საათამდე გადაიდოს.
სხდომის გახსნა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო ვერ ხერხდებოდა. პარლამენტის წევრები პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ოთო კახიძის თქმით, გარკვეული დროა საჭირო, რომ ახალ პროექტს გაეცნონ.
„ამ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ აქ დაგვხვდა მაგიდასთან, გადახაზულია გარკვეული პუნქტები, ჩასმულია ახალი პუნქტები. როგორც ვხედავ, გათვალისწინებულია რამდენიმე რეკომენდაცია, მაგრამ მათ გასაცნობად გვჭირდება დრო. გვჭირდება გონივრული დრო, რაც იქნება ჩემთვისაც და კოლეგებისთვისაც საკმარისი. 2 საათით მაინც გამოვაცხადოთ შესვენება. მას შემდეგ, რაც გავეცნობით დოკუმენტს, შევადარებთ პირვანდელ ვერსიას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. განვაახლოთ განხილვა იმ დღის წესრიგით, რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ. მოგვეცით დრო, რომ გავეცნოთ ახალ პროექტს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ოთარ კახიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სადავო კანონპროექტის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები