თამარ ჩუგოშვილი: არც კი ვიცი, ასეთი ცოტა მოსამართლე ჰყავდა თუ არა უზენაეს სასამართლოს ოდესმე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დღეს უზენაეს სასამართლოს ნამდვილად უჭირს, რადგან ბევრ საქმეს ცოტა მოსამართლე იხილავს.
როგორც მან უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მოსაზრებებს განიხილავენ.
„დღეს მართლა უჭირთ უზენაეს სასამართლოში, რადგან დიდი რაოდენობით საქმეს იხილავს ძალიან ცოტა მოსამართლე და არც კი ვიცი, ასეთი ცოტა მოსამართლე ჰყავდა თუ არა უზენაეს სასამართლოს ოდესმე. ვიკრიბებით, რომ გადავწყვიტოთ რის გათვალისწინებას ვაპირებთ და რის – არა. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მათ შორის, მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო გამოცდის მოხსნა, რადგან ძალიან აფართოებს იმ ადამიანების წრეს, ვისაც მარტივად შეეძლება რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად, თუკი ამბიცია აქვთ, რომ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაშინ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. ასევე საუბარი გვექნება იმ მოსაზრებაზე, რომ ვინაიდან ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური მდგომარეობა, როდესაც ერთდროულად ამდენი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით არის გამოწვეული რომ იმდენი ვაკანსიის ათვისება მოხდეს, რამდენიც აუცილებელია სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამ აზრზეც გვექნება მსჯელობა. შეხვედრის შემდეგ დავაზუსტებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები