ლაშა ნაცვლიშვილი: შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების, სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს დადგა

0

შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების მხარეს დადგა, ქართველ ხალხს კი სამართლიანობის სადარაჯოზე ეგულებოდა.

,,მემგონი, ეს კამპანია ორი პარალელური პროცესია და ჩემი აზრით, აქ კამპანიას ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ აწარმოებენ და თუ ,,ქართულ ოცნებას” უწევს საკუთარი ეთიკის, მორალის, კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში უსინდისო შეტევებზე პასუხის გაცემა, ეს არის მხოლოდ რეაქცია. ამაზე არავინ არავის თავს არ ესხმის. თავს ესხმიან ,,ქართულ ოცნებას”.  რეალურად შალვა შავგულიძე არ გაუშიფრავს ბიძინა ივანიშვილს. შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე. ეს ეხლა ისეთი ცხადი ამბავია, რომ ამას არც ჩემი კომენტარი, არც ბიძინა ივანიშვილი არ სჭირდება. მემგონი, ადამიანი არ არის საქართველოში, ვინც თვალყურს ადევნებდა ზოგადად პოლიტიკას, იცის, რა არის გირგვლიანის საქმე, იცის, ვინ არის გირგვლიანის საქმის შემოქმედები, როდესაც ამ შემოქმედთა გვერდით ხელში შამპანურით და ტორტით დაინახა შალვა შავგულიძე, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის სახელით გვეგულებოდა სამართლიანობის სიმართლის სადარაჯოზე, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კანიბალები, ვეგეტარიანიზმს ქადაგებენ და ასე ესხმიან თავს ხელისუფლებას .

სამართალიც კი იცნობს მოგერიების უფლებას. ქართული ოცნება, სამწუხაროდ, ოპერირებს ძალიან რბილი მოგერიების ფარგლებში, ანუ ის შეტევაზე არ გადასულა და თუ სადმე ვგრძნობ მე ჩემს პასუხისმგებლობას, ზუსტად იმაში, რომ კონტრშეტევა არ არის მძლავრი. 2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ სახელმწიფო მთელი თავისი შემადგენლობით: შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, შიდა სასამართლოები, სასჯელაღსრულება და პარლამენტი შეითქვა ერთი ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ამ სისტემურ დანაშაულში შედიოდა რამდენიმე შტო. სამართლის გამრუდება დაიწყო გამოძიებაში. გამოძიებას აწარმოებდა პროკურატურა, თბილისის პროკურორი, რომელმაც დაწერა გამრუდებული საბრალდებო დასკვნა.  პირველი ინსტრუმენტი, რომელიც ზღუდავდა ყველა სტადიის სასამართლოს, ყველა ინსტანციას – ეს იყო თბილისის პროკურატურა. ვინ იყო თბილისის პროკურორი – გიორგი ღვინიაშვილი. სად არის ეხლა გიორგი ღვინიაშვილი? ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის “ევროპული საქართველოს” წევრი, რომელთან ერთადაც ბატონი შავგულიძე გვპირდება ხელისუფლებაში მოსვლას.

რამდენი თვის წინ მმართველმა პარტიამ მოახდინა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიცირება და ეს არ იყო გირგვლიანის ნამდვილი შესწორებები.  ნამდვილი გირგვლიანის შესწორებები იყო 2006 წელს, დანაშაულის ჩადენიდან პროცესის დაწყებამდე, როდესაც მმართველი გუნდის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რეალური ლიდერი იყო გიგა ბოკერია, ის იმავდროულად ალბათ გახსოვთ, იყო საპარლამენტო უმრავლესობის რეალური ლიდერი და გაგახსენებთ ფიქრია ჩიხლაძის რიტორიკულ კითხვას ნინო ბურჯანაძისადმი – გიგა ბოკერია ქურდიაო?! დიახ,  ის იყო ქურდი პარლამენტში. მოხდა ინიცირება სამი საკანონმდებლო აქტის. ეს იყო პატიმრობის კანონში ცვლილება. ხელისუფლების ამოცანა რა იყო: ხელისუფლების ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო ძალიან ლმობიერი სასჯელი, იმ ლმოიბიერი სასჯელის პირობებში ამ აღმსრულებლებს ომერტა შეენახათ, არ გაეთქვათ მკვლელობის დამკვეთები. ლმობიერი სასჯელი გამოვიდა იმით, რომ შეიცვალა კოდექსის რამდენიმე მუხლი, მხოლოდ ის კიარა, რომ განზრახ მკვლელობით არ დაკვალიფიცირდა, რომელიც არის ღვინიაშვილის კისერზე, 119 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 12 წლამდე პასუხისმგებლობას და იქ იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მკვლელობიდან პროცესამდე ბოკერიას ინიციატივით გადაკეთდა 117 მუხლად, ზედა ზღვარი 10 წლით განისაზღვრა და განსაკუთრებით მძიმედან მძიმეზე ჩამოვიდა,”- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი