არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია

“ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია ” იმედის” ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ თავიდანვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პარლამენტში კანდიდატების განხილვისა და დამტკიცების პროცესი ყოფილიყო იმავე სტანდარტის, როგორც არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში.
,,ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად არის დადებითი შეფასებები და პირდაპირ არის ჩანაწერები, რომ პროცესის მთელი ნაწილი, რომელიც პარლამენტში უნდა წარიმართოს, არის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ღია კომიტეტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. პრაქტიკულად, ვენეციის კომისიას ნათქვამი აქვს, რომ ეს არის სრულყოფილად გაწერილი ჩვენს კანონპროექტში, რაც ბუნებრივია. ჩვენ თავიდანვე ყველაფერი გავაკეთეთ, პარლამენტში კანდიდატების განხილვისა და დამტკიცების პროცესი ყოფილიყო იმავე სტანდარტის, როგორც ეს არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ვენეციის კომისიას ეს არ გამორჩენია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.როგ
ორ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, სხვა დღის წესრიგის ნაწილია.
,,რა განცხადებებიც უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება, ვიღაცამ ეს დასკვნა გადათარგმნოს, როგორც ძალიან უარყოფითი; ვიღაცამ შეიძლება, გადათარგმნოს, რომ არის რეკომედაციები, რომელთა გათვალისწინება აპრიორი უპირობოდ არის საჭირო; ვიღაცები საერთოდ არ გააკეთებენ კომენტარს. ეს პოლიტიკური შლეიფი რომ მოვაშოროთ ამ ყველაფერს – ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება” და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნებსა და მათ რეკომენდაციებს აღვიქვამთ ცალსახად ისე, როგორც ჩვენი მეგობრებისას – იმ ადამიანების, ვინც გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, როგორ უყურებენ ისინი კანონშემოქმედებით პროცესს. სხვა ინტრიგა აქ არ არსებობს. ჩვენ თვითონ მივმართეთ ვენეციის კომისიას და ვთხოვეთ შეფასების გაკეთება ამ კანონპროექტზე, შესაბამისად, საქმიანად და პასუხისმგებლობით განვიხილავთ ამ რეკომენდაციებს და მუშაობა უკვე დაწყებულია. სხვა ინტერპრეტაციები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან არ არსებობს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი მივიღოთ მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცებისთვის”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები