ირაკლი კობახიძე: არაეთიკურია ეკა ბესელიას ქცევა, მას უკვე სანქციები დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო

„სამწუხაროდ, არაეთიკურია ეკა ბესელიას ქცევა უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელიას პასუხობს.
დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მსჯელობა დაიწყოს. სწორედ ამ განცხადებას პასუხობს ირაკლი კობახიძე.
„რამდენჯერმე დაგვემუქრა ქალბატონი ეკა და, ამასობაში, რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია მას. არ მინდა პოლემიკაში შესვლა. ის არის რთულ მდგომარეობაში. ეს არის რეალური მოცემულობა და თავის ამ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. დღესაც როგორ იქცეოდა, თქვენ თავად ნახეთ. სამწუხაროდ, არაეთიკურია მისი ქცევა უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს „შენობით“ მიმართა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა და მას მიკროფონი გამოურთეს.
ამის შემდეგ ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლა გადაწყვიტა, ირაკლი კობახიძემ კი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს დაუძახა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები