ირინა მილორავა ენერგეტიკის შესახებ კონფერენციაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ ენერგეტიკის სექტორში რეფორმების შესახებ Galt&Taggart-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
კონფერენციაზე მან ელექტროენერგეტიკის ბაზრის ახალ მოდელსა და მარეგულირებელი ინსტიტუტის როლზე ისაუბრა.
ირინა მილორავამ კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების შესაბამისად ელექტროენერგეტიკული ბაზრის მასშტაბური ცვლილებაა დაგეგმილი. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება კონკურენციის განვითარებასა და, ამ კუთხით, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის არსებულ შესაძლებლობაზე გაამახვილა. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისიდან დამატებით 10-მდე მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის არა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიიდან, არამედ – გენერაციის ობიექტებიდან, ან განახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტს.
„მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის განვითარება მოხდეს ელექტროენერგიის როგორც საბითუმო, ისე – საცალო ბაზარზე. ერთი დღით ადრე ბაზრის დანერგვა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგიის მიწოდების, მოთხოვნის მაჩვენებლები ერთი დღით ადრე დააკორექტირონ და, სპეციალური პლატფორმის საშუალებით, ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი, მომდევნო დღის საჭიროების შესაბამისად შეისყიდონ. შემდგომ ეტაპზე, ასევე, შესაძლებელია, განვითარდეს ე.წ. საათით ადრე ბაზარი და დაინერგოს საათობრივი ვაჭრობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ფინანსურ რისკებს“, – აღნიშნა ირინა მილორავამ.
ამასთანავე, სემეკის თავმჯდომარემ ე.წ. ანბანდლინგის (საქმიანობების გაყოფა) აუცილებლობაზე, ახალი ბაზრის ფორმატში საჯარო მიმწოდებლის როლზე, ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიასა და სამომხმარებლო ტარიფში შემავალი კომპონენტების ფორმულირების წესზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები