ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს – „მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რასაც გინდათ, იმას გააკეთებთ პარლამენტში?“

მორიგე დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამჯერად, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის დეპუტატი – ელენე ხოშტარია დაუპირისპირდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები იმ კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვენ, რომელიც უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით შეიმუშავა.
მათი ინფორმაციით, კანონპროექტთან ერთად მათ არ დაურიგდათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ტექსტი, რასაც ელენე ხოშტარიას მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
„ვერ გავიგე, ეს რა დამოკიდებულებაა? დეპუტატები გეუბნებით, რომ ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მსჯელობს მთელი არასამთავრობო სექტორი, რომელზეც მთელი საზოგადოება წუხს, რომელზეც საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საგანგებო განცხადებებს აკეთებს, დაწერილი მინდა ვნახო, ვიდრე განვიხილავ. თქვენ მანდ რომ დაბრძანდით, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რასაც გინდათ, იმას გააკეთებთ პარლამენტში? რას ნიშნავს, არ გადავდებ? დაწერილი მინდა, ვნახო, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელო. თქვენ მეუბნებით, რომ მორიგ ჯერზე მოვუსმინო ანრი ოხანაშვილის რაღაც მონათხრობს.
მომისმინეთ, რომ გელაპარაკებით, ბატონო ირაკლი, პირადად თქვენ მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას, ან ინსტრუქციების მიღებასა და მერე აქ გატარებას. როდესაც დეპუტატები გეუბნებიან ყველა მხრიდან, რომ განხილვისთვის საჭიროა გაცნობა, გადადეთ ეს საკითხი; დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ საკითხი”, – მიმართა ხოშტარიამ ირაკლი კობახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები