გიორგი მიქაუტაძე: არ ვეთანხმები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებას

„მე არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მექანიზმი – გასაუბრება, რომელიც ნახევარ საათს გრძელდება და მოგვიწევს, შევაფასოთ კანდიდატის კვალიფიკაცია ნახევარ საათში, რაც, ვფიქრობ, არარეალურია”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც კანონპროექტიდან შესაძლოა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ამოიღონ. მათი მოთხოვნაა, რომ მათ დამატებითი ინსტრუმენტი საკვალიფიკაციო გამოცდის სახით ჰქონდეთ, რათა კანდიდატის კომპეტენცია შეაფასონ.
“დასაბუთებას ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურდეს ადამიანს და არ სურდეს საკვალიფიკაციო გამოცდა. თუ კანონი ძალაში შევა და გამოცდები გაუქმდება, დავემორჩილებით კანონს. ვიღებ იმ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესში. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს დამატებითი ინსტრუმენტი საკვალიფიკაციო გამოცდის სახით, რომ კანდიდატის კომპეტენცია შევაფასოთ.
​რედაქცია, რომელსაც განვიხილავდით, ითვალისწინებს, რომ არცერთ პროცედურაში მონაწილეობს საბჭოს წევრი, გარდა ერთისაა – საბოლოო კენჭისყრისა, სადაც კონკურენცია აღარ არის. იმდენი კანდიდატია, რამდენიც ვაკანსია. ვენეციის კომისია არაძირითად რეკომენდაციად გვეუბნება, რომ ორი მესამედის კვორუმი შეიძლება, იყოს ძალიან მაღალი და ამან ჩიხში შეიყვანოს პროცესი. პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ ეს პროცესი ჩიხში არ შევიდეს და კვორუმის ორმა მესამედმა ის არ გამოიწვიოს, რომ, საბოლოოდ, ვერ დაინიშნონ მოსამართლეები. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს წევრები მონაწილეობენ კონკურსში და ისინი გამოირიცხებიან, მაშინ ორი მესამედის დაგროვება ხდება ბევრად უფრო რთული. მაშინ მე მექნება პარლამენტისთვის შეთავაზება, რომ გაითვალისწინონ ეს არაძირითადი რეკომენდაციები და კვორუმი ორი მესამედის ნაცვლად დაწიოს ნახევარზე. ესეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, თუმცა, ამას არავინ ეთანხმება და ყველა ამბობს, რომ შეიძლება, ეს რეკომენდაცია არ გავითვალისწინოთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები