უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება – პარლამენტმა კანონი მიიღო

78 ხმა არცერთის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის მიხედვით, წინასწარი შეცნობით და ფინანსური სარგებლის მიზნით, უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება.
უფრო კონკრეტულად კი პირის მიერ ფინანსური, ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა, ან პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების, ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, განმეორების შემთხვევაში კი – 3-დან 6 წლამდე.
აღსანიშნია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობები შექმნა, ან ორგანიზება გაუწია უცხო ქვეყანაში ამ პირის უკანონოდ დარჩენას.
ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად ახლო ნათესავს ხელი შეუწყო მცდარი ინფორმაციის წარდგენაში, ან ორგანიზება გაუწია ამ პირის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენას.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები