სალომე სამადაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ არ ველი, კანონში ტექნიკური ცვლილებების გარდა შინაარსობრივი ცვლილებებიც შევიდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიამ ნათლად დაინახა მმართველი გუნდის დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში. მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ კანონში, რაიმე ტექნიკური ცვლილებების გარდა, შინაარსობრივი და საფუძვლიანი ცვლილებები შევა.
„ირაკლი კობახიძეს დავეთანხმები იმაში, რომ რეკომენდაციის გაცემა, გარკვეულწილად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მოხდა; რომ დღევანდელმა პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ უნდა დააკომპლექტოს. ამას თავისი მიზეზი აქვს. ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური შემადგენლობის პირობებში მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, ვენეციის კომისიის ეს განცხადება და პოლიტიკური კონტექსტით გაკეთებული შეფასება მმართველი გუნდის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ მათ რეალურად სურთ, რომ შეასრულონ ის სულისკვეთება, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია ასახული. თუმცა, მე ამის იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოველი, რომ ამ კანონში, რაიმე ტექნიკური ცვლილებების გარდა, შინაარსობრივი და საფუძვლიანი ცვლილებები შევა, რადგან, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლებისთვის უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის რაც შეიძლება სწრაფად დამყარება, უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები