უსუფაშვილი: ვენეციის კომისია იზიარებს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემაში “უხილავი ხელით” იმართება პროცესები

“ვენეციის კომისია იმიტომ საუბრობს იუსტიციის საბჭოში ფარული კეჭისყრის არამიზანშეწონილობაზე კანდიდატებთან დაკავშირებით, რომ იზიარებს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ სისტემაში უხილავი ხელით იმართება პროცესები”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობა ტექნიკურ დეტალებამდე არ უნდა იქნას დაყვანილი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვენეციის კომისია ძალიან მკაფიოდ მიგვითითებს ყველას, რომ დღეს რაც ხდება, ასე პროცესის წაყვანა არის უკიდურესად სახიფათო იმიტომ, რომ ეს ამცირებს სასამართლოსადმი ნდობას. ხოლო სასამართლოსადმი ნდობის შემცირება სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სერიოზული ზომების მიღება და არა – ტექნიკურ საკითხებზე კინკლაობის გაგარძელება, პერსონალური დაპირისპირების საკითხების გარკვევა, წინა ხელისუფლება უფრო ყოჩაღი იყო, თუ დღევანდელი და ა.შ.
ვენეციის კომისია მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს მისაღები გადაწყვეტილებები იქნება გაცილებით უფრო ხანგრძლივი ეფექტის მქონე, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება ზის თავის სკამზე, ან , შეიძლება, დაჯდეს ხვალ.
გამოცდების თემაზე ვენეციის კომისია ამბობს, ნუ ჩაუტარებთ ამ გამოცდებსო. რატომ? იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ გაიზიარა ის შეშფოთება, რომ დღევანდელი სისტემა მართლმსაჯულებაში არის ჩაკეტილი, გარკვეული ჯგუფი აკონტორლებს ყველაფერს, მათ შორის – გამოცდების სისტემასაც და გამოცდების სისტემა, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ბარიერი გაცხრილვისთვის, სისტემაში არასასურველი კადრებისთვის ბარიერების შესაქმნელად. ვენეციის კომისია იმიტომ საუბრობს იუსტიციის საბჭოში ფარული კეჭისყრის არამიზანშეწონილობაზე კანდიდატებთან დაკავშირებით, რომ იზიარებს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ სისტემაში “უხილავი ხელით” იმართება პროცესები. ვენეციის კომისიამ იცის, მოსამართლეთა კონფერენციაზე როგორ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება ფარული კენჭისყრით, როცა სწორედ ე.წ. ჭარბი ავტორიტეტის მქონე რამდენიმე ადამიანი გვიცხადებს – რა ვქნა მენდობიან და ამიტომ მაძლევენ ხმასო. ესენია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებშიც უნდა დავინახოთ ძირითადი სულისკვეთება. არ უნდა დავიყვანოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობა ტექნიკურ დეტალებამდე, ან რაოდენობამდე, აი, სამი გავიზიარე, ორი არ გავიზიარე, ე.ი. კარგ ბიჭი ვარ. სულისკვეთებაა გასაზიარებელი, რომელსაც ჩვენი ევროპელი მეგობრები ძალიან მკაფიოდ მიგვითითებენ” –  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ; შერჩევის კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს მოსამართლეების გამოცდილება და დამოუკიდებლობა; არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საჭიროება უნდა გადაიხედოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები