დავით უსუფაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნა იმეორებს ხელისუფლების კრიტიკოსთა წუხილებსა და შეშფოთებას
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა იმეორებს ხელისუფლების კრიტიკოსთა შეხედულებებს, წუხილებს, შეშფოთებას”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია.
„ვენეციის კომისიის დასკვნა მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით 14 გვერდზე 14-ჯერ ადასტურებს, რომ იმეორებს ხელისუფლების კრიტიკოსთა შეხედულებებს, წუხილებს, შეშფოთებას. მთელი დოკუმენტი ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი.
ერთადერთი, რასაც ვენეციის კომისია იზიარებს არის ის, რომ დიახ, საჭიროა პროცედურები მოსამართლეების, კანდიდატების შესარჩევად. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არის უკიდურესად დაბალი, პროცესი არის უკიდურესად პოლიტიზებული, ამბობს, რომ არის ძალიან დიდი ხიფათი იმისა, რომ მოქმედმა ერთპარტიულმა უმრავლესობამ მომავალი 30-40 წლის განმავლობაში განსაზღვროს ქვეყნის უმთავრესი სასამართლო ორგანოს შემადგენლობა – ანუ, უზენაეს სასამართლოში უავდოდ გაამწესოს 28 მოსამართლე, რაც არის უჩვეულო, შემაშფოთბელი და ა.შ. ესაა მისი ძირითადი დასკვნა.
რაც შეეხება კონკრეტულ დებულებებს შემოთავაზებულ კანონპროექტში – ვენეციის კომისია, პირველ ყოვლისა, აძლევს რჩევას საქართველოს – ამას მინდა, ხაზი გავუსვა; ვენეციის კომისია არ არის რომელიმე პარტიის, ან ხელისუფლების მრჩეველი, ის არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია. ამიტომ, საქართველოს აძლევს რჩევას, რომ ამ მძიმე ვითარებაში იზრუნოს 2 მნიშვნელოვან თემაზე: ერთია, სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა და მეორე ის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთი პარტიის მიერ, მომავალი 30 -40 წლის განმავლობაში, სასამართლოს წევრთა ვინაობის განსაზღვრა დღევანდელ ვითარებაში. დანარჩენი რეკომენდაციები მიჰყვება ამ ძირითად ხაზს.
აქვე ვიტყვი, სპეკულაციები იმ თემაზე, რომ, თითქოს, აქ არის პოლიტიკური და სამართლებრივი რჩევები, არის სრულიად გაუგებარი. გეტყვით, რატომ – ვენეციის კომისია სწორედაც მართლმსაჯულების პოლიტიკის თაობაზე რჩევებს იძლევა. ხელისფულება, როდესაც ამა თუ იმ კანონს იღებს, კანონის მეშვეობით ატარებს პოლიტიკას მართლმსაჯულების სისტემაში. ნებისმიერი კანონი ეს არის კონკრეტულ დარგში გარკვეული პოლიტიკის გამტარებელი და ვენეციის კომისია არის სწორედ მართლამსაჯულების სფეროში ევროპის მასშტაბით ყველაზე უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც ქვეყნებს აძლევს რჩევებს – რა, როდის და როგორ ჯობია, გაკეთდეს. ასევე, ვენეციის კომისიის ყველა სიტყვა აქ არის რჩევა და რეკომენდაცია, არცერთი სიტყვა არის სავალდებულო შესასრულებლად. ასე რომ, დაყოფა საკითხების, რომ, თითქოს, აქ არის პოლიტიკური რჩევები, რომლებსაც გინდა გაითვალსიწინებ, გინდა – არა, არ არის სწორი და მართებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ; შერჩევის კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს მოსამართლეების გამოცდილება და დამოუკიდებლობა; არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საჭიროება უნდა გადაიხედოს.
თამუნა შეყილაძე