ეკა ბესელია: ერთადერთი, რაც ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, კანონპროექტის სათაურია

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კომისიის შეფასებები საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულია.
​მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული.
„გაკრიტიკებულია გამოცდების ნაწილი, ასაკი, კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შერჩევის ეტაპზე, ასევე, ფარული კენჭისყრა, რომელიც გამორიცხავს დასაბუთებას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა იყოს ინდივიდური დასაბუთება ყველა კანდიდატის შემთხვევაში. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი. გაკრიტიკებულია მთლიანად პროცესი და პირდაპირ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიც არის – “ჩიხში შეიძლება შევიდეს კენჭისყრის პროცესი და აქედან გამოსავალი დანახული არ არის”. ასევე, გაკრიტიკებულია ინფორმაციის მოპოვების პროცესი და მითითებულია, რომ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა იყო ხელმისაწვდომი პარლამენტისთვის, რომელიც ამ კანდიდატებს ირჩევს. გაკრიტიკებულია ის, რომ პროცედურების ნაწილშიც არ არის სიცხადე შეტანილი და, ასევე, მითითებულია, რომ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში უნდა იყოს დეტალურად და კარგად გაწერილი პროცედურა, შერჩევა რა პროცედურით უნდა მოხდეს. ყველა პრინციპი, ყველა კრიტერიუმი და ყველა ეტაპი, რაც ამ კანონპროექტშია, შემოთავაზებულია ახალი ვერსიის რეკომენდაციების სახით.
როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ესოდენ დაბალი ნდობა აქვს, ანუ საზოგადოების, პოლიტიკური წრეების და სამოქალაქო სექტორის ნდობა არ აქვს, პარლამენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ ყველა მოსამართლე არ აირჩიოს ამ ეტაპზე და ახალმა პარლამენტმა აირჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც შეიძლება, არჩეული იყოს გამართული პროცედურებით. პირადად მე ასეთ მკაცრ დასკვნას არ ველოდი. ეს ყალბი გულდამშვიდება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს. მმართველ პარტიას მივმართავ, ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები