“ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“

“ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალურ მოდელზე შევჯერდეთ.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა და სამომავლო ხედვების გაზიარება იყო.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ დისკუსია გაიმართა.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანერგვის საჭიროებებს.
კერძოდ, იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზეც ისაუბრეს, რომელთა დანერგვამ უფრო ეფექტური უნდა გახადოს ამ დარგში საქმიანობა.
“დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მიმოხილვას, რათა ჩამოვყალიბდეთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე; გადავახალისოთ ის სფეროები, რომლებსაც სჭირდება დაუყოვნებელი ყურადღება; ასევე, სად არსებობს დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე – ფინანსური თვალსაზრისით, რათა გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალური მოდელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია სათემო სერვისების განვითარების დროული ხელშეწყობა; ასევე, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვითარდეს ამბულატორიული სერვისი პაციენტებისთვის, გაუმჯობესდეს საზოგადოების მიმღებლობა და განვითარდეს, ზოგადად, პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერა ადამიანების მიმართ, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები; მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მინიმუმადე შემცირდეს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული ის ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ხარისხი იყოს ოპტიმალური და მაქსიმალურად მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ამავე შეხვედრაზე სიტყვით ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი, ირმა ხაბაზი გამოვიდა.
„შეხვედრის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა. ბოლო წლების მანძილზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება; მნიშვნელოვანია, რომ ეს გაზრდილი ბიუჯეტი მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც საჭიროა, დანიშნულებისამებრ და ეფექტურად მოხდეს მისი ხარჯვა” – განაცხადა ირმა ხაბაზმა.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტმა, ეკა ჭყონიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დარგის სხვადასხვა სპეციალისტმა ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაზე იმსჯელა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა გავიაროთ ის საკითხები, თუ როგორ მიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება ქვეყანაში – რა გაკეთდა ამ დრომდე, სად ვართ ამჟამად და რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს უახლოეს მომავალში განვითარება“, – ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტი.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები