თამარ კიკნაძე: ნათელია, რომ ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, რომელიც ეკა ბესელიასა და ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული პროექტების საპირისპიროა

ექსპერტი თამარ კიკნაძე უმრავლესობის მიერ შემუშავებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ, ისეთი რეკომენდაციები გასცენ, რომელიც ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანს ქვეყანას.
„საერთაშორისო ორგანიზაციები – ისეთივე კომპეტენტურები, როგორიც არის ვენეციის კომისია, ყოველთვის ცდილობენ, რომ გაითვალისწინონ ყველა მხარის მოსაზრება და ისეთი რეკომენდაციები მისცენ ქვეყანას, რომელიც ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანს. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა მხარე განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს ამ დასკვნას. თუმცა, ნათელია, რომ ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, რომელიც ეკა ბესელიასა და ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული პროექტების საპირისპიროა”, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთანავე, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები