მამუკა მდინარაძე: ვენეციის კომისიას რამდენიმე შენიშვნა აქვს, არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს
“მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს. არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია და სულ რამდენიმე შენიშვნაა.
„გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვხედავ, რადგან შეიძლება, ეს საკითხი სხვანაირად შემოწმდეს და გადამოწმდეს. ამხელა პროცედურა სწორედ ამისთვისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოაზრეებიც განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნო – გამოცდა არ უნდა იყოს. ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ და ეს ასეც უნდა მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.