ეკა ბესელია: ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის

მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ყველაზე მწარე ალიყურია მმართველი პარტიისთვის, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო პირდაპირი და მკვეთრი გაკრიტიკება პროექტისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, სამართლიანად ვაკრიტიკებთ, წარმოუდგენელია. თუ ამას კობახიძემ ახლა თვალი არ უნდა გაუსწოროს, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფმა, ვინც ეს პროექტი დაუწერა, ეს უკვე მათი პრობლემაა. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისეთი დაბალი ნდობა აქვს, რომ რეკომენდაციაც კი არის გადმოცემული, რათა ამ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება, ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ეს მანდატი ახალმა პარლამენტმა აიღოს, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ნდობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს, არამედ იმას, რომ ნდობა ამ პარლამენტსაც არ აქვს. ამაზე უფრო პირდაპირ ალიყური მართლაც ძნელად წარმოუდგენელია. პირდაპირ კრიტიკაა, ინტერესთა კონფლიქტი, რაზეც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება, კანონპროექტში ასე დაიწეროს, რომ საკუთარი თავის ნომინირების უფლება საბჭოს წევრებს ჰქონდეთ. როცა ვეუბნებოდით, რომ გამოცდა ხელოვნურად შემოღებული ბარიერია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10-კაციანი სიის მაგვარი სია შესთავაზოს ისევ პარლამენტს. იუსტიციის საბჭო რასაც აპირებდა, ყველაფერ ამაზე არის ვენეციის კომისიის ძალიან პირდაპირი, ნეგატიური, კრიტიკული პასუხი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, ბესელია განმარტავს, რომ ერთ პატარა კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მხრიდან უამრავი კრიტიკა და ინსტიტუციური უნდობლობაა გამოხატული.
„პარლამენტის მიმართ უნდობლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობა, პროცესის გაკრიტიკება და კრიტერიუმების გაკრიტიკება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი არაფრად ვარგა. ამიტომ, არა მხოლოდ ეს რეკომენდაცია უნდა გაიზიაროს, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და გამოცდების საკითხს ეხება, არამედ ის რეკომენდაციაც უნდა გაიზიაროს, რომ ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე არ აირჩიოს. იქამდე რომ სასამართლოს პრობლემა არ შეექმნას, შეიძლება, რამოდენიმე მოსამართლე შეირჩეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს.
ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.
კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები